სტიქიამ ბორჯომი დააზარალა

ბორჯომში წუხანდელი წვიმის, სეტყვისა და ღვარცოფის შემდეგ, ზარალი საკმაოდ დიდია.

ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები, ბაღები და საავტომობილო გზები დატბორა. ბორჯომში, ლომოურის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო მოსახლის კუთვნილი ავტომანქანა წყალმა ხიდიდან არხში გადააგდო.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, რევაზ კალაძემ აღნიშნა, გაწმენდით სამუშაოებს ათი დღე მაინც დასჭირდება. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, გამგებლის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ციფრის დასახელება შეუძლებელია, რადგან ღვარცოფის შედეგად ჩახერგილ რამდენიმე ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, ყველა სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, შექმნილია სპეციალური ჯგუფი და ყველა დაზარალებულ უბანზე მივლენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით კი, მათ მოსავალი გაუნადგურდათ, დაზიანდა სახლები. მათივე თქმით, თუ დროულად არ მოხერხდა ზარალის ანაზღაურება, დამსვენებლებს ვერ მიიღებენ და საკურორტო სეზონს პრობლემები შეექმნება.