მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯამში, 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.მათ შორის, დაახლოებით, 75% ანუ 27,143 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული იყო.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 5,953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განმეორებით გაიარა, ხოლო 243 მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.
ცნობისთვის, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8,532 იურიდიული პირის საკუთრებაშია.
რაც შეეხება სტატისტიკას ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: ჯამში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 15 ათასმა ავტობუსმა გაიარა. შედეგად, 11 166 ავტობუსი გამართული; 3 834 კი დახარვეზებული აღმოჩნდა.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 513-მა „მარშრუტკამ“ გაიარა. აქედან, 318 მიკროავტობუსი გამართული; 195 კი დახარვეზებული აღმოჩნდა.
ამასთან, 20 ივნისის მონაცემებით, ინსპექტირება 3 999 სატვირთო ავტომობილმა და 4 291 ფურგონმა გაიარა. უწყების ცნობით, სატვირთო ავტომობილებიდან ინსპექტირების შედეგად 2 688 გამართული; ხოლო 1 311 დახარვეზებული იყო. ფურგონების შემთხვევაში კი 2 919 გამართული; 1 372 კი დახარვეზებული აღმოჩნდა.