1-ელ იანვრიდან დღემდე, ტექნოგენური დანაგროვის (სილიკო-მანგანუმის ნარჩენის) უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოვლინდა.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა 258 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის 12 ფაქტი.
უკანონოდ მოპოვებულმა ტექნოგენურმა დანაგროვმა (სილიკო-მანგანუმის ნარჩენი) ჯამში, 72 ტონა შეადგინა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 253 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 2-2 ფაქტი – ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 1 ფაქტი – სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე.