იაპონური სანავთობო კომპანიები ირანიდან ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტისთვის ემზადებიან. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ირანიდან ნავთობის იმპორტი სრულად ოქტომბრიდან უნდა შეწყდეს, ხოლო ალტერნატიულ მიმწოდებლებად იაპონია განიხილავს საუდის არაბეთს და გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს. როგორც გამოცემა წერს, იაპონურმა კომპანიებმა JXTG Holdings და Idemitsu Kosan, აშშ-სგან მიიღეს გაფრთხილება 2018 წლის ნოემბრისთვის ირანიდან ნავთობის იმპორტირების სრულად შეწყვეტაზე. ეს ის პერიოდია, როცა ძალაში შევა ვაშინგტონის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციები. შესყიდვების გაგრძელების შემხთხვევაში კი ამ კომპანიებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა ამერიკის გამოსვლაზე ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციების განახლებაზე. ამის შემდეგ კი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირანის ნავთობიდან მიღებული შემოსავალი სრულად უნდა განულდეს. ვაშინგტონი აქამდე არსებულ სანქციებს ანახლებს და კიდევ უფრო მკაცრი სანქციების ამოქმედებას გეგმავს უკვე 4 ნოემბრიდან.
კოკა კვირკველია