საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.3%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3 პროცენტით მეტია.აქედან, „საქსტატის“ ცნობით, ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი) შეადგენს.

ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნაშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი იყო. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

„2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნაშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 367.8 მლნაშშ დოლარი იყო (21.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 276.7 მლნაშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.1 პროცენტი და იმპორტში 29.1 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.3, 24.4 და 28.3 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.5 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში 30.3 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 037.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ აშშ დოლარი (50.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ აშშ დოლარი იყო (26.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.0 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.2 პროცენტი და იმპორტში 30.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 31.6, 38.5 და 29.2 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში 24.3 პროცენტი),“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 6 თვეში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (858.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (650.1 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (510.0 მლნ აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 242.2 მლნ აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 15.2 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 186.0 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 163.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 402.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 272.9 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კი 181.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი) სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა.