„რეზონანსი" - „ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც საგანგაშოა!"

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება გადაწყდა.როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველობის ზომიერი მატებაა – დაახლოებით 15%-დან 20%-ის ფარგლებში.

„საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე „რეზონანსთან" აღიშნავს, რომ ტყვია ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ლითონია, რომელიც გარემოში ე. წ. ეთილირებული ბენზინის საშუალებით ხვდება. ბენზინს, ხარისხის გასაუმჯობესებლად, უმატებენ ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ძრავას ცილინდრში ჰაერისა და საწვავის არასწორი განაწილება იწვევს არათანაბარ წვას, რასაც შეუძლია ცილინდრის კედლებისა და დგუშის დაზიანება.

„ადამიანის ორგანიზმში ტყვია ხვდება როგორც წყლისა და საკვების, ისე ჰაერის საშუალებით. ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს, მიოკარდიულ ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას.

ტყვიით მოწამვლის რისკი ბავშვებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები პატარა ასაკში ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცუდი სწავლა და აგრესიული ქცევა დაკავშირებულია სწორედ ტყვიის დაგროვებასთან.

ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ძველი შენობა-ნაგებობების დანგრევის შედეგად გაფანტული მტვერი ან ბოლი, ასევე მხატვრული ტილოები, საიუველირო ნაკეთობათა ნარჩენები, საყოფაცხოვრებო აკუმულატორები და ტყვიის შრიფტები.

როგორც ამერიკელებმა დაადგინეს, არათუ ატმოსფეროში მყოფი ტყვია, არამედ საკვებ პროდუქტთა შესაფუთ ზოგიერთ ქაღალდსა და მუყაოში უმცირესი რაოდენობით შემავალი ტყვიაც კი გადადის საჭმელში და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ტყვია, ძირითადად, შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტითა და სასუნთქი გზებით. ამ ლითონით მოწამვლის ადრეული სიმპტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს აკუმულაციური თვისებები, ე. ი. შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს", - აცხადებს რამაზ გახოკიძე.

ტყვიის მავნე ზემოქმედებაზე საუბრობს საწვავის ხარისხის ექსპერტი, ეკოლოგი სიმონ ბარამიძე. მისი შეფასებით, ქალაქში მისი კონცენტრაციის ზრდის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, გაუმართავი მანქანები და უხარისხო საწვავის გამოყენება, რაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

„ჩვენი დედაქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვები არაკეთილსინდისიერი ბიზნესის გამო ზარალდებიან. გარემო ეკოლოგიურად დაბინძურებულია და ამას რეალურად ვერაფერს ვუპირისპირებთ. თბილისის ცენტრალურ უბნებში, განსაკუთრებით -დაბლობზე ტყვიის კონცენტრაცია დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. საგანგაშო რეალობაა, რადგან ამით ბავშვები იწამლებიან.

თბილისის მასშტაბით, ეკოლოგიურად ყველაზე მეტად დაბინძურებულია: საბურთალო, წერეთლის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ყველგან, სადაც გაუნიავებელი ადგილია. უკვე ბავშვების ბაღებსა და სკვერებში ჩაყვანაც საგანგაშოა.

ახალაშენებული კორპუსების ნაწილი ისეა მოწყობილი, რომ შენობის მთელ სიგრძეზე გათბობის ქვაბებია დამონტაჟებული და იქვე ბავშვთა გასართობი სივრცეა. ბავშვების ჯანმრთელობას ამით წარმოუდგენელ ზიანს ვაყენებთ. არ მესმის, რად უნდათ ასეთი ბიზნესი, თუ საკუთარ შვილებს მოწამლავენ? უნდა მივიღოთ რაღაც ზომები, რომ მანქანები გავანახევროთ, უმძიმეს ვითარებაშია ქალაქი და ჯერჯერობით ვერ ვხედავ გამოსავალს", - აცხადებს „რეზონანსთან" სიმონ ბარამიძე.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის დაბინძურებული, ოთხჯერ მეტია დანაშაული იმ რაიონებთან შედარებით, სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია. ამასთან, მოსწავლეთა ცუდი აკადემიური მოსწრება და აგრესიული ქცევა სწორედ ტყვიის დაგროვებასთან არის დაკავშირებული.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"