ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბარათაშვილის აღმართზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა გარე განათებები და საფეხმავლო ბილიკები,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა ამ მონაკვეთის შეკეთება მუდმივად ხდებოდა, რადგან სანიაღვრე სისტემა არ ფუნქციონირებდა.

"ბარათაშვილის აღმართის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქ ახალი ასფალტის საფარი დაიგება, ასევე განხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი რეაბილიტაცია. სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და წლიდან წლამდე ხდებოდა ამ მონაკვეთის შეკეთება, ესეც მოწესრიგებული იქნება. ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებები და მგონია, რომ ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა.ორი თვის განმავლობაში დასრულდება სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, 3 200 000 ლარი ჯდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პერიოდში აღმართზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება.

„ბარათაშვილის აღმართის სრული სარეაბილიტაციო სამუშაობი, დაახლოებით, სამ თვეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ცალმხრივად გადაკეტილი იქნება მოძრაობა ბარათაშვილის აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, დეტალური ინფორმაცია მარშუტებზე მერიის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ",- განაცხადა გალაქტიონ ბუძემ.

ცნობისთვის, მერიის მიერ დაწყებული პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირების და დეკორატიული სანათების მონტაჟს. უწყების ცნობით, ჯამში დაიგება 15000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 3 233 233 ლარია.