“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო ამნისტიას არ ნიშნავს - ჩვენ საგადასახადო ამნისტიას არ ვაკეთებთ და ვთვლი, რომ ამის გაკეთება სწორი არ იქნება,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების პასუხად გააკეთა.
კაკაურიძემ პირველი მოსმენით წარადგინა პროექტი, რომელიც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.
“საგადასახდო ამნისტიის განხორციელება სხვა მოქმედ კომპანიებს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. საგადასახდო ამნისტიისგან განსხვავებით, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს იმ ფიზიკური პირებისა და ზოგადად, გადამხდელების დავალიანების ჩამოწერას, რომლებიც ხუთი წელია არ ფუნციონირებენ. ეს საგადასახადო ამნისტიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, კაკაურიძის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელებისათვის დარიცხული თანხები რიგ შემთხვევბში იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე კომპანიას რეალურად ეკუთვნოდა.
პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს “საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების განხილვა, რომლითაც გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.
ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 27 634 გადასახადის გადამხდელს - აქედან 4 629 იურიდიულ პირს და 23 005 ფიზიკურ პირს, სრულად ჩამოეწერება, დაახლოებით, 550 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.