გასულ კვირას კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპის” ყოფილმა კლიენტებმა, მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და კომპანიის ხელმძღვანელების დაკავება და კუთვნილი თანხების უკან დაბრუნება მოითხოვეს.როგორც დაზარალებულები აცხადებენ, კომპანია პირამიდული სქემით მოქმედებდა და მათი კუთვნილი თანხები უკანონოდ მიითვისა.
ბოლო წლებში ფინანსური პირამიდის არაერთი სქემის ჩამოშლისა და სებ-ის ახალი რეგულაციების შემდეგ, თითქოს პირამიდული სქემებისგან საზოგადოება დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპის" მაგალითმა ნათლად აჩვენა, რომ ასე არ არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპის" შემთხვევა განსხვავებულია სხვა ფინანსური პირამიდების სქემებისგან. აღნიშნულ ქეისში სიტუაცია გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ეს საფინანსო კომპანია “საქართველოს” შემთხვევაში ან სხვა პირამიდული სქემების დროს.
საქმე იმაშია, რომ კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპის” არა ჩვეულებრივი ფინანსური კომპანია, არამედ საბროკერო კომპანიაა, რომელიც ვალუტით და სხვადასხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობს. ასეთი საქმიანობა ერთ-ერთი მაღალ რისკიან საქმიანობათა ჩამონათვალშია. ცხადია, აქ არც გარანტიები არსებობს, თუმცა როგორც თავად დაზარალებულები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ 100% გარანტიას სთავაზობდნენ, რომ მათი თანხები დაცული იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, თაღლითური დამოკიდებულებაა კლიენტებთან იმდენად, რამდენადაც კლიენტს არ აწვდიდნენ ინფორმაციას შესაბამისი რისკების შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც კომპანიის საქმიანობაში ფიქსირდება, არის ლიცენზიის არქონის პერიოდში საქმიანობა. უფრო ზუსტად კი, კომპანია “ეფიქს ბიზნეს გრუპს” ცენტრალურმა ბანკმა საქმიანობის უფლება აპრილის თვეში შეუჩერა, მაშინ როდესაც, კომპანია, “ეფიქს ბიზნეს გრუპი” კლიენტებისგან თანხის მოზიდვასა და ვაჭრობას მაისის თვეშიც ახდენდა.
თავად დაზარალებულის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი კომპანიის თაღლითურ სქემაზე საუბრობს და განმარტავს, თუ როგორ მიითვისა კომპანიამ კლიენტების თანხები.
“საქმე ეხება კონკრეტულ თაღლითურ სქემას, ჩვენ ამ განცხადებით პროკურატურასაც მივმართეთ. საქმე ისაა, რომ კომპანიას, მისი მეანაბრეების შიდა სავალუტო ბაზარზე შეძენილი უცხოური ვალუტა მათ ანგარიშზე უნდა შეტანა, თუმცა ასე არ მომხდარა და სად წავიდა ეს თანხა არავინ იცის, უკვე რამდენიმე თვეა ვერც ვერავინ გვეუბნება. თავის მხრივ მეანაბრეებისთვისაც გაურკვეველია თუ სად წავიდა მათი კუთვნილი თანხები და რატომ არ ახდენს მთავარი პროკურატურა მომხდარზე სათანადო რეაგირებას”, – აცხადებს გიგუაშვილი.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ამირან სარქისიანი აცხადებს, კომპანია კლიენტებს ბირჟაზე საერთოდ არ ავაჭრებდა და ისინი შეცდომაში შეჰყავდა.
“ჩვენ თანხები შეგვატანინეს პირველ მაისს აქედან მალევე ჩვენს მაგივრად ივაჭრეს და ანგარიშები დასვეს ნულზე. მე მაქვს ეჭვი, რომ კლიენტებს გვავაჭრებდნენ დემო ვერსიაზე, ქმნიდნენ ილუზიას, თითქოს გასულები ვიყავით ბირჟაზე სინამდვილეში კი არანაირ ბირჟაზე გასვლა არ მომხდარა”, – აცხადებს სარქისიანი.
მართალია ეროვნულმა ბანკმა კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი კლიენტების დაცვისთვის. საქმე იმაშია, რომ ცენტრალურმა ბანკმა იმოქმედა ძველი რეგულაციის “კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის” ფარგლებში, რომელიც საკმაოდ მოუქნელია და თაღლითური სქემით მოოპერირე კომპანიას უტოვებს ლავირების საშუალებას, ხოლო ახალი რეგულაციები რომელიც ცოტა ხნის წინ დააანონსა ცენტრალურმა ბანკმა და რომელიც უფრო მეტად იცავს კლიენტებს პირამიდული სქემებისგან, ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია. პარლამენტი აღნიშნული რეგულაციის მიღებას წლის ბოლომდე აპირებს.
შესაბამისად, საზოგადოება ისევ დაუცველია პირამიდული სქემებისგან და მათგან თავის არიდების ერთადერთ საშუალებად ფინანსური განათლების შესაბამისი დონე რჩებათ.
პეტრე ინაური
წყარო: „ბანკები და ფინანსები"