კომპანია (HTT) Hyperloop Transportation Technologies-მა ხელი მოაწერა ჩინურ კომპანია Tongren Transportation & Tourism Investment Group-თან საწყის ეტაპზე ქალაქ ტუნჟენში 10-კილომეტრიანი ჩქაროსნული სისტემის Hyperloop-ის მშენებლობაზე.
აღნიშნული ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
„HTT იქნება პასუხისმგებელი პროექტის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ნაწილზე, ასევე მოწყობილობის ძირითადი ნაწილის მიწოდებაზე. Tongren-ი კი სერტიფიცირებით, ნორმატიული ბაზის შედგენითა და სისტემის მშენებლობით დაკავდება“ - აცხადებენ კომპანიაში.
ჩქაროსნული სისტემის მარშრუტს ქალაქის ადმინისტრაცია განსაზღვრავს. მისი დაფინანსება კი სახელმწიფო-კერძო პარტნიორული კომპანიის მხრიდან მოხდება, სადაც თანხის 50%-ს ჩინური კომპანია გამოყოფს.
„ჩინეთი წლიურად 300 მილიარდ დოლარს ხარჯავს მისი სწრაფად მზარდი მოსახლეობის ინფრასტრუქტურული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Hyperloop-მა დაამტკიცა, რომ შეძლებს ამ აქტუალური პრობლემის ეფექტურად გადაჭრას“, - განაცხადა HTT-ის გენერალურმა დირექტორმა დირკ ალბორნმა.
შეგახსენებთ, HTT-იმ მანამდე კომერციული შეთანხმება გააფორმა გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან და უკრაინასთან.
Hyperloop - ეს არის სისტემა, რომელიც რკინის მილებისგან შედგება, რომლის შიგნითაც გადაადგილდება „მატარებელი“ - ჰერმეტული კაპსულა აეროდინამიურ „ბალიშზე“. იდეის ავტორია ილონ მასკი.
HyperloopTT - ეს არის სატრანსპორტო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პროექტ Hyperloop-ის განხორციელებაზე. კომპანია 2013 წელს დაარსდა და მასში დღეს 800-ზე მეტი ინჟინერია დასაქმებული, ხოლო მისი პარტნიორია 40-მდე კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კომპანიის სათავო ოფისი აშშ-ში, ლოს-ანჟელესში მდებარეობს.
კოკა კვირკველია