რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესში ახალ ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს.
უწყების ცნობით, კონკურსი საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ ვაკანსიებზე ცხადდება. www.hr.gov.ge-ზე უკვე განთავსდა ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 სხვადასხვა ვაკანსიაზე, მათ შორისაა, აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის, არქიტექტორის, საინჟინრო შეფასების სპეციალისტისა და პროექტის მენეჯერის პოზიციები. უახლოეს მომავალში კონკურსი ვაკანსიებზე გამოცხადდება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ღიაობის პრინციპით, პირველ რიგში პროფესიონალი, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა კადრების შერჩევას.