გერმანიის ეკონომიკის და ექსპორტის კონტროლის ოფისმა (BAFA), ელექტრომობილ „ტესლა მოდელ S-ის“ მყიდველს მოსთხოვა, სახელმწიფოს ის 4 000 ევრო დაუბრუნოს, რომელიც მათ ამ ავტომობილის ყიდვისას, შეღავათის სახით მიიღეს.
ამის მიზეზად სახელდება მწარმოებლის მხრიდან თაღლითობა და ავტომობილის ფასის შეუსაბამობა სახელმწიფო სუბსიდიის მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმებთან.
ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „ტესლა“, რომელიც სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს. მანამდე კი თავის მყიდველებს, სახელმწიფოს ქმედებით გამოწვეულ ზარალს აუნაზაურებს.
დაბრუნების მოთხოვნა იმ ავტომობილებზე გაცემულ სუბსიდიებზე ვრცელდება, რომლებიც მიმდინარე წლის 6 მარტამდე გაიყიდა. ოფისის მტკიცებით, „ტესლა“ შეგნებულად ნაკლებ ფასად ყიდდა „მოდელ S-ს“, რათა მასზე სახელმწიფოს სუბსიდიების პროგრამა გავრცელებულიყო. გერმანული კანონმდებლობით, სუბსიდიები იმ ელექტრომობილებზე ვრცელდება, რომელთა ფასიც 60 000 ევროზე მეტი არ არის.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ტესლამ“ ავტომობილის სტანდარტული ეკიპირების ნაწილი, ოპციების სიაში შეიტანა. მათ გარეშე ავტომობილის შეძენას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ საბაზო კომპლექტაციით არაერთი „მოდელ S“ გაყიდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ეს მოდელი BAFA-მ მარტიდან კვლავ შეიტანა იმ ავტომობილების სიაში, რომლებზეც სახელმწიფო სუბსიდია ვრცელდება.