ივნისის მონაცემებით კომერციული ბანკების მოგება 47,949 მლნ ლარით შემცირდა

2018 წლის ივნისის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47,949 მილიონი ლარით, დაახლოებით 50%-ით შემცირდა.კერძოდ, ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 47,933 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 95,882 მილიონი ლარი იყო. მთლიანად, 2018 წლის 6 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 410,399 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 346,147 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 236,245 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,819 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 21,079 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 34,434 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ბანკებმა 13,097 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.