„ჭკვიანი თხილის“, „ყოჩაღი ნუშის“ და „მოხერხებული მიწისთხილის“ შეძენა მალე სუპერმარკეტებშიც იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ჭკვიანი თხილის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია შემოდგომაზე საკუთარ საწარმოში გადავა, სადაც პროდუქციის ახალი სახეობაც დაემატება და თანამშრომლების რაოდენობაც.
კომპანია „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე გასული წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. ეს არის ქართული თხილის, ასევე ქართული თაფლისა და იმპორტირებული ვანილისგან დამზადებული პასტა. კომპანია ჯერჯერობით სამი სახეობის პროდუქტს - „ყოჩაღი ნუში“, „ჭკვიანი თხილი“ და „მოხერხებული მიწისთხილი“ აწარმოებს.
ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომლის დამფუძნებლები ნინო ანდრიაძე და მისი მეუღლე არიან.
ამჟამად პროდუქცია მხოლოდ ონლაინ - SOFLIDAN.GE-ს საშუალებით იყიდება.
„ახლა ვაპირებთ მაღაზიათა ქსელებში შესვლას და ძალიან მალე უკვე დახლებზე იქნება ჩვენი
პროდუქცია. ამას ემატება ისიც, რომ სულ მალე ახალი მოსავალი იქნება და დიდი შეტევისთვის ვემზადებით. გარდა ამისა, მალე გავფართოვდებით და ახალ საწარმოში გადავალთ. ამჟამად ოჯახის წევრის მიერ დათმობილ ფართში ვიყავით, სადაც დასაქმებული 3 ადამიანი იყო. რაც შეეხება ახალ საწარმოს, მუხიანში გვაქვს მიწის პატარა ნაკვეთი და უკვე შემოდგომიდან იქ დავიწყებთ წარმოებას. ამასთან, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც 10-მდე გაიზრდება. მერე უკვე გაყიდვების ზრდის შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება“,-აცხადებს ნინო ანდრიაძე.
მისი თქმით, აქამდე კომპანია ჯერ ისევ სატესტო რეჟიმში იყო, თუმცა მათ პროდუქციაზე საზოგადოებაში იმდენად დიდი მოთხოვნა და დადებითი გამოხმაურებაა, სატესტო ბიზნესმა არა თუ გაამართლა, არამედ დიდი მომავალი აქვს.
„ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს მომხმარებლებთან, რომლებიც საოცარ სიტყვებს გვწერენ და დავრწმუნდით, რომ ის მეთოდოლოგია, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად ავირჩიეთ, წარმატებულია. დარწმუნებულიები ვართ, რომ ამ ბრენდს კარგი მომავალი აქვს. ჩვენს პროდუქციაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვისაც არ გაუსინჯავს, იმანაც კი იცის ბრენდის შესახებ“,-აცხადებს ნინო ანდრიაძე.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პროდუქციას საქართველოში წარმოებული თხილის ახალი სახეობებიც დაემატება, თუმცა ანდრიაძე მეტი კონკრეტიკისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ცნობისთვის, საიტზე „ჭკვიანი თხილის“ ფასი 15.90 ლარია, „ყოჩაღი ნუში“ - 21.90 ლარი ღირს, ხოლო „მოხერხებული მიწისთხილის“ ფასი 12.90 ლარია.