ფარნბოროში გამართულ ავიაშოუზე, დიდმა ავიამწარმოებელმა კომპანიებმა, სამგზავრო თვითმფრინავებზე დაახლოებით 900 შეკვეთა მიიღეს, რომელთა უმეტესობაც, „ბოინგმა“ და „ეარბასმა“ გაინაწილეს.
შეკვეთების უმეტესობა იმ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ლიზინგის ბიზნესით არიან დაკავებულნი.
სამხრეთ ინგლისში გამართულ ავიაშოუზე, ამერიკულმა კომპანიამ ჯამში 528 ლაინერზე მიიღო შეკვეთა, „ეარბასის“ მონაგარი კი 431 შეკვეთაა. აქედან 60 შეკვეთა ევროპულმა ავიაგიგანტმა A220-ზე მიიღო, რომელიც კანადური „ბომბარდრის“ C-სერიის სამგზავრო თვითმფრინავის რებრენდირებული ვარიანტია - ამ თვითმფრინავებს „ბომბარდირ აეროსპეისი“ აწარმოებს და „ეარბასი“ ჰყიდის.
ავიაშოუზე ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - გაყიდული სამგზავრო თვითმფრინავებიდან დაახლოებით 400 ცალის მყიდველმა კომპანიებმა, ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ინკოგნიტო მყიდველთა სიმრავლე „ეარბასის“ გაყიდვების შეფმა ერიკ შულცმა, ამერიკასა და ევროპას, ასევე ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვით ახსნა.
„ეარბასს“ მსხვილი შეკვეთა მისცა მალაიზიურმა კომპანია „ეარ ეიჟამ“, რომელმაც ევროპულ ავიაგიგანტს დამატებით 34 ცალი „A330 ნეო“ შეუკვეთა, რითაც ამ ფართოფიუზელაჟიან ლაინერზე კუალა ლუმპურელთა შეკვეთების რიცხვი ასამდე გაიზარდა. არადა, კარგა ხანს, ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, რადგან „ეარ ეიჟა“, რომელიც ძირითადად „ეარბასის“ ლაინერებს იყენებს, შორსმფრენი თვითმფრინავების „ბოინგისგან“ შესყიდვას აპირებდა. ყველაფრის მიუხედავად, „ეარ ეიჟამ“ იმავე „ეარბასისგან“ 100 ცალი „A321 ნეოს“ შესყიდვისგან თავი შეიკავა.
„ეარბასი“ ერთხანს „A330 ნეოს“ წარმოების პროგრამის გაჩერებასაც აპირებდა, რისი მიზეზიც, არასაკმარისი შეკვეთები იყო. ეს ლაინერი ვერაფრით უძლებს „ბოინგ 787 დრიმლაინერის“ (ამ კლასის თვითმფრინავებს 250-300 მგზავრი გადაჰყავს) კონკურენციას.
იმავე ფარნბოროს შოუზე, „ბოინგმა“ მინიმუმ 10 ცალ 787-ზე შეკვეთა „ჰავაიან ეარლაინზისგან“ მიიღო. ყველაზე გაყიდვად სეგმენტში, „ეარბასმა“ თავის „A321 ნეოზე“ 50 შეკვეთა მოიპოვა ვიეტნამური საბიუჯეტო კომპანია „ვიეტჯეტისგან“, რომელმაც 24 საათით ადრე, 100 ცალი „737 მაქსი“ შეუკვეთა „ბოინგს“. ამ ყველაზე პოპულარულ კლასში, რომლის თვითმფრინავებსაც 220 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, „ეარბას A321 ნეო“, „ბოინგ 737 მაქს-ზე“ მეტი იყიდება. რაც შეეხება „ვიეტჯეტს“, ეს სწრაფად მზარდი საბიუჯეტო გადამყვანი, ორივე კომპანიისგან დიდი რაოდენობით ლაინერებს ყიდულობს.
მომცრო თვითმფრინავების კლასში, ავიაგიგანტების და შედარებით პატარა კომპანიების კოოპერაციის ტენდენცია შეინიშნება. თუ „ეარბასი“ კანადური „ბომბარდირის“ მიერ შექმნილ CS-ს საკუთარი ბრენდით და A220-ს ჰყიდის, „ბოინგი“ მალე მსგავს ხელშეკრულებას ბრაზილიურ „ემბრაერთან“ გააფორმებს. ამ უკანასკნელმა ფარნბოროზე 300 მცირე თვითმფრინავზე გააფორმა კონტრაქტი, რომელთა შორისაც, ბევრი A220-ის კონკურენტია.
რაც შეეხება სალიზინგო ბიზნესს, ამ სფეროში მომუშავე ბევრი კომპანია ადრე მეორადი თვითმფრინავების გაქირავებით იყო დაკავებული, თუმცა ბოლო დროს, სულ უფრო მეტი მათგან ცდილობს უახლესი ლაინერების (ძირითადად სატვირთო, ასევე სამგზავრო ვერსიებს) უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვას. სატვირთო ავიაგადაზიდვების ბიზნესი მაღალი ტემპით ვითარდება და ამ მიმართულებით, ჯერჯერობით ბაზარზე „ბოინგი“ ლიდერობს. ეს იმ დროს, როცა „ეარბასი“ თავისი „A330 ნეოს“ სატვირთო ვერსიის წარმოებას ჯერ მხოლოდ განიხილავს.