“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, ბაღდათის რაიონში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გოჩა ივანეიშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭინჭარაულში 1.25 ჰა მიწის ფართობზე მარწყვის ბაღი გააშენა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 91,475 ლარი შეადგინა, საიდანაც 54,941 ლარით ბენეფიციარმა საკუთარი სახსრებით 45,000 მარწყვის ნერგი შეისყიდა და ტექნიკის შესაძენად გრანტის სახით 36,534 ათასი ლარი მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით: 1. პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება. 2. გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.