საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს.
კობი-გუდაურის საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მოთხილამურე გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს, ასევე უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზის პრობლემაც აღმოიფხვრება და მსურველები გუდაურში გადმოსვლას საბაგიროთი შეძლებენ. უწყების ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მასზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
გარდა აღნიშნული პროექტისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობას ახორციელებს.