საავიაციო ძრავების მწარმოებელმა კომპანია „როლს-როისმა“ გამოაცხადა, რომ ძრავების მომსახურების და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, მინიატურული ხოჭო-რობოტების გამოყენებას გეგმავს.
ასეთი რობოტების მოზრდილი, საჩვენებელი ვერსიები კომპანიამ საზოგადოებას ფარნბოროს ავია შოუზე წარუდგინა.
ასეთი სარემონტო რობოტების შექმნის პროცესში, ბრიტანულ კომპანიას პარტნიორობა ჰარვარდის და ნოტინგემის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა გაუწიეს. „როლს-როისი“ ვარაუდობს, რომ სარემონტო რობოტების გამოყენება, ძრავების მომსახურების დროს და ხარჯებს შეამცირებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საჭირო აღარ იქნება სარემონტო ძრავების თვითმფრინავიდან მოხსნა. ძრავის დათვალიერების დრო ხუთი საათიდან ხუთ წუთამდე შემცირდება.
ფარნბოროს შოუზე „როლს-როისმა“ რამდენიმე ნანო-ბოტის პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოზე არიან სპეციალიზებულები. მათ შორისაა მინიატურული რობოტები, რომელთა დანიშნულებაც, ძრავის ძნელად მისადგომი ადგილების დათვალიერებაა. მათ მიერ მოპოვებულ გამოსახულებას, ძრავების სერვისის სპეციალისტები კომპიუტერზე, რეალურ დროში მიიღებენ.
„როლს-როისის“ მიერ შემუშავებულ რობოტებს შორის ისეთებიცაა, რომლებიც დისტანციურად იმართება. მათ რთული ამოცანების შესრულება შეუძლიათ. კერძოდ, გაარემონტებენ და თერმულ დამუშავებას ჩაუტარებენ კომპრესორის დაზიანებულ ნიჩბებს.