როცა სესხის პროცენტი მაღალია...

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ადგილობრივ ვალუტაში გაცემული არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისთვის (%)მაღალია თუ არა საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები? საბანკო სექტორი პასუხად იხსენებს, რომ საქართველოში წლების წინ სამომხმარებლო სესხი წლიური 36%-ით გაიცემოდა, ხოლო დღეს განაკვეთები გაცილებით დაბალია. საბანკო ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ საბანკო დუოპოლიისა და სუსტი რეგულაციების პირობებში, კომერციული ფინანსური ინსტიტუტები ქვეყანაში კოლოსალურ მოგებაზე მუშაობენ. "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის" (ISET) მკვლევრებმა საქართველოს საბანკო სექტორში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებს შეადარეს და საინტერესო სურათიც მიიღეს.

გიორგი მჟავანაძე, ISET-ის მკვლევარი: "ჩვენმა კვლევამ, საქართველოს ჩათვლით, 13 ქვეყანა მოიცვა. არასწორი იქნებოდა შედარება ევროზონის ქვეყნებთან, ამიტომ ავიღეთ ქვეყნები საქართველოსთან მიახლოებული მაკროეკონომიკური პარამეტრებით. მეზობლებიდან სომხეთი და აზერბაიჯანი, დსთ-იდან - ყაზახეთი, რუსეთი და უკრაინა, რომელიც ამ სივრცეში 2018 წლამდე იმყოფებოდა, და რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყანაც. ამათგან მხოლოდ სომხეთს აქვს საქართველოზე მცირე მთლიანი შიდა პროდუქტი, სხვა ქვეყნები კი გვისწრებენ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით.

13 ქვეყანაში ჩვენ 48 კომერციული ბანკი გამოვკითხეთ. ამ კვლევის უნიკალურობა ის არის, რომ ბანკებში ვრეკავდით და ვესაუბრებოდით როგორც პოტენციური კლიენტები. შედარება უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, შევქმენით ტიპური მომხმარებლის პორტრეტი - სამუშაო ადგილი, გამოცდილება, შემოსავალი და სხვ. გვინდოდა რეალობასთან უფრო ახლოს მივსულიყავით და გვეჩვენებინა, ერთსა და იმავე ადამიანს რა ფასად შესთავაზებდნენ ამა თუ იმ საბანკო პროდუქტს სხვადასხვა ქვეყანაში.

სხვათა შორის, იყო უცხო ენის ფლობის პრობლემა. მაგალითად, ხორვატიის, ჩეხეთისა და პოლონეთის ბანკებში რამდენჯერმე გადაგვამისამართეს, სანამ ინგლისურენოვან ოპერატორს დაგვალაპარაკებდნენ.

აზერბაიჯანის ბანკებში რუსულ ენაზეც კი უჭირდათ ინფორმაციის გადმოცემა. ამ თვალსაზრისით საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, კომერციულ ბანკებში ჩვენთან საკმაოდ მაღალია მომსახურების ხარისხი, თუმცა ასევე­ მაღალია რიგ შემთხვევაში სესხებზე განაკვეთების მოცულობაც.

პირველი პროდუქტი, რომელიც შევისწავლეთ, არის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი ადგილობრივ ვალუტაში (იხ. დიაგრამა). აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,5%-ია, რაც უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და უკრაინაში, თუმცა ორჯერ მეტია, ვიდრე ხორვატიასა და პოლონეთში. ჩვენზე ბევრად დაბალია განაკვეთები ჩეხეთში, რუმინეთში, სერბეთში, მაკედონიასა და ალბანეთში.

საკრედიტო ბარათებიდან ჩვენ განვიხილეთ სტანდარტული Visa და Master Card-ის ბარათები. საქართველოში, სომხეთსა და ალბანეთში ამ საბანკო პროდუქტზე დაახლოებით ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთებია - წლიური 22,8%-ის ფარგლებში, რაც მცირედით ნაკლებია, ვიდრე სერბეთსა და ჩეხეთში. შედარებისთვის, აზერბაიჯანში საკრედიტო ბარათზე საპროცენტო განაკვეთი 27,5%-ია, რუსეთში 28,7%, ხოლო ყაზახეთში 29,1%. უკრაინაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია - 45,1%, რაც გამოწვეულია ფინანსური სირთულეებითა და ორნიშნა ინფლაციით. უკრაინაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც 17%-ია, ჩვენსაზე 2,5-ჯერ მეტი. თუმცა სამი ქვეყანა ჩვენი კვლევიდან - ხორვატია, მაკედონია და პოლონეთი - მომხმარებელს საკრედიტო ბარათებზე უკეთეს საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობენ, 11-დან 14%-მდე. დავაზუსტებ, რომ საუბარია საკრედიტო ბარათის პოს ტერმინალებზე გატარებით გამოყენებულ საპროცენტო განაკვეთებზე.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, ოღონდ უზრუნველყოფილ სესხებს, აქაც სომხეთზე მცირედით უკეთესი სურათი გვაქვს (14,3% და 14,7%), თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ალბანეთსა და რუმინეთს (7,0-7,6%-ის ფარგლებში). ჩვენზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ ყაზახეთს (18,7%), უკრაინასა (21,6%) და რუსეთს (22,4%).

უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების შესადარებლად ცოტა ქვეყანა გვქონდა, რადგან აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ქვეყნების უმრავლესობაში კომერციული ბანკები უცხოურ ვალუტაში სესხებს საერთოდ არ გასცემენ. ამ ტიპის განაკვეთი არის როგორც ცვლადი (დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე), ასევე ფიქსირებული, რომლის ეფექტური პროცენტი საქართველოში 8,6%-ია, ხორვატიაში 9,2% და სომხეთში 10,8%. მცურავი განაკვეთი საქართველოსა (8,3%) და ხორვატიაში (8,2%) თითქმის ერთნაირია, უფრო მაღალია მაკედონიასა (9,9%) და სომხეთში (10,7%).

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, სამაგიეროდ, ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: „კვირის პალიტრა"