”სტიქიით დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება”

სტიქიით დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ზარალი უკვე დათვლილია და ყველა დაზარალებული შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

პრემიერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა მის მიერ ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში" და განაცხადა, რომ მან ბიზნესმენების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ადგილობრივებმა პრემიერთან შეხვედრისას ერთ-ერთ პრობლემად თაფლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიის არარსებობა დაასახელეს. როგორც გაირკვა, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. გარდა ამისა, როგორც პრემიერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განუმარტა, ქედაში მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ღვინის ქარხანა, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა, რაც მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად რაიონის საბაზისო პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.