ტყიბულის შახტში მომუშავე მეშახტეთა მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია „საქნახშირის“ სამმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა.ამის შესახებ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ბანძელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრძანება უკვე დაწერილია, რის საფუძველზეც თანამდებობიდან სამი პირი გათავისუფლდა.
„მეშახტეთა მოთხოვნის თანახმად, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა სამი პირი. კერძოდ: წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, რომელიც ამავდროულად ჯაყელის მოადგილეც არის, გათავისუფლდა თანამდებობიდან. ასევე, პოსტიდან გათავისუფლნენ შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. თავად ჯაყელიც გადადგება მას შემდეგ, რაც დასრულდება ის ტექნიკური სამუშაოები, რომელიც შახტის უსაფრთხოების ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება“, - განაცხადა ნათია ბანძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ითხოვდნენ, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და მათ ადგილას პროფესიული კადრები დაენიშნათ.