მიმდინარე წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით, ენერგოომბუდსმენის აპარატში 2905 განცხადება დარეგისტრირდა.
7999 მოქალაქემ ისარგებლა სამართლებრივი კონსულტაციებით, ხოლო ელქტრონულ ფოსტასა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 887 წერილი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჩივრები დარგობრივად შემდეგნაირად გადანაწილდა: ელ.ენერგია – 573; წყალმომარაგება – 1360; ბუნებრივი გაზი – 972.
როგორც ენერგოომბუდსმენის აპარატის სტატისტიკურ ინფორმაციაშია მოცემული, კომპანიების მიხედვით, საჩივრების სტატისტიკა ასე გამოიყურება: სს ,,თელასი“ – 338; სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ – 235; შპს ,,ყაზტრანსგაზი - თბილისი“ – 50; შპს ,,სოკარ ჯორჯია - გაზი“ – 93; შპს „საქორგგაზი“ - 805; შპს „ყამარგაზი“ – 20; სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 4; შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 490; შპს ,,მცხეთის წყალი“ – 11; შპს „ბათუმის წყალი“ – 1; შპს ,,რუსთავის წყალი“ – 251; შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ – 607.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ცნობით, ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ძირითად პრობლემად გამოიკვეთა რეგიონებში არასათანადო მომსახურებისა და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო თანხობრივი დარიცხვის საკითხები. ქ.თბილისში მომხმარებლები გამოთქვამენ პრეტენზიას შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის დროის შემცირების გამო.
„ბუნებრივი გაზის სექტორში დედაქალაქის მასშტაბით მომხმარებელთა პრეტენზიები ძირითადად ეხება შიდა სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივ ვადებს. მოქალაქეები ვერ ახერხებენ მომსახურების მიღებას დაჩქარებული წესით. გარდა ამისა, რეგიონებში აქტიურია წინა წლებში წარმოქმინილი დავალიანების ჩამოწერის საკითხი და ბუნებრივი გაზის დატაცების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გასაჩივრება.
წყალმომარაგების სექტორში რეგიონებში აქტიურია ხანდაზმული დავალიანების თემა, დედაქალაქში კი უმწვავესად დგას არასათანადო მომსახურების პრობლემა, რაც გამოიხატება მომსახურების ხშირ შეწყვეტასა და ტექნიკური სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაში. ზოგიერთ უბნებს სასმელი წყალი მიეწოდება დაბალი წნევით, რაც უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, თითოეული საქმის არსებითი შესწავლის შედეგად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა უფლებების დარღვევის ფაქტები დააფიქსირა, რის საფუძველზეც რეკომენდაციით მიმართა შესაბამის კომპანიებს. მიმდინარე წლის პირველ დეკადაში სხვადასხვა კომპანიაში 1994 რეკომენდაცია გაიგზავნა.
„პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, რის გამოც ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 495346.08 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ენერგოომბუდსმენმა მთელი რიგი საკითხები წარადგინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე და პირველი დეკადის მონაცემებით, სემეკის გადაწყვეტილებებით 194430.36 ლარი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა ჩამოეწერა მოქალაქეებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენერგოომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამ პერიოდისთვის, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხის ჯამი 689776.44 ლარს შეადგენს.