საბიუჯეტო სტრუქტურაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მოცულობით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.ჩვენთან შედარებით, სახელმწიფო უწყებებში საშუალო ანაზღაურება მაღალი მხოლოდ რუსეთსა და თურქეთშია, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი შედარებით მცირეა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის შენახვა რიგით გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელს ბიუჯეტს 1,413 მლრდ ლარი უჯდება. თუ ამას სსიპ-ებს, სახელმწიფო შპს-ებს თუ სხვა სტრუქტურებს დავუმატებთ, რომლებიც თავისი არსით საჯარო უწყებებს მიეკუთვნებიან, ეს ხარჯი 2 მლრდ ლარსაც კი აჭარბებს. ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასს ბევრად აღემატება. განსაკუთრებით ეს ტენდენცია თვალშისაცემია მარეგულირებელ კომისიებში, ეროვნულ ბანკში, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდში და ა.შ.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი ხელფასებით ჩვენ სამეზობლოში მესამე ადგილზე ვიმყოფებით. "საქსტატის" ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 247 ლარს, დაახლოებით 511 დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ 9 დოლარით აღემატება აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების საშუალო ხელფასს. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მეზობელი ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურებში საშუალო ხელფასი 854 მანათს, დაახლოებით 502 დოლარს შეადგენს.
საქართველოზე ნაკლები ხელფასი აქვთ სომხეთში, იქ სახელმწიფო სტრუქტურებში საშუალო ხელფასი 217 960 დრამს შეადგენს, ანუ დაახლოებით 454 დოლარს.
ქართველ ჩინოვნიკებზე მაღალი ხელფასი აქვთ რუსეთსა და თურქეთში. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იქ სახელმწიფო სტრუქტურებში თვიური საშუალო ხელფასი 47 166 რუბლს, დაახლოებით, 754 დოლარს შეადგენს, თურქეთში კი საშუალო ხელფასი 630 დოლარი, დაახლოებით 3 ათასი ლირაა.