პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო. მას საბოლოოდ ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.
გთავაზობთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხს.
ვინ მიიღებს მონაწილეობას დაგროვებით საპენსიო სქემაში?
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: დამსაქმებლებზე; საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა და ვის შეუძლია მონაწილეობაზე უარის თქმა?
დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა დასაქმებულისათვის, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი), შესაბამისად ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი).
თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.
თითოეული თვითდასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე კანონის ამოქმედებიდან მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე. თითოეული თვითდასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით.
დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლება აქვს გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. ამისთვის მან წერილობით უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გაწევრიანებიდან ხუთი თვის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ სამი თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.
დაგროვებითი საპენსიო სქემის იმ მონაწილეებს, რომელებიც უარს იტყვიან სისტემაში ჩართვაზე, მოგვიანებით კვლავ ექნებათ თუ არა სისტემაში მონაწილეობის მიღების უფლება?
დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს თავიდან გაწევრიანდეს მასში. მონაწილის ხელახალი გაწევრებისას დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება გაწევრებიდან ხელფასის პირველი გადახდისთანავე.
დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემაში შენატანების განხორციელებას და განაახლებს შეტანას ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ან ისეთი მიზეზით, როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის, ან დროებითი ან ხანრგძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე.
თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს ის.
მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მუდმივად დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის მიღება ერთიანი გადახდის მოთხოვნით ან პროგრამული გატანით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუ მონაწილე წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება სახელმწიფოს მიერ მის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანის ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება. კითხვის გაგრძელება