მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის მსურველებს სახელმწიფო დაეხმარება - როდის დასრულდება ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია

ციხე-ქალაქ მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის მსურველებს სახელმწიფო დაეხმარება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.რაც შეეხება რეაბილიტაციას, ანთიძის თქმით, მუცოში სამუშაოების 99% წელს დასრულდება.

როგორც ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავს, ამჟამად სამუშაო ჯგუფი უკვე მუცოშია და სულ მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.

მუცოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სამედიცინო პუნქტი და გარკვეული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალი.

„მუცოში უკვე ასულია ჯგუფი და სარეაბილიტაციო პროცესიც განახლდება. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობს იმას, რომ წელს უნდა დასრულდეს მთელი სოფლის 99%-ის რეაბილიტაცია. დარჩება მხოლოდ ზედა ნაწილში ახლადგამოვლენილი ნაეკლესიარისა და ერთი კოშკის რეაბილიტაცია, რომელიც თავისი აგების მეთოდოლოგიიდან გამომდნარე ერთ წელიწადში ვერც განახლდება და ეს უკვე მომავალ წელს დასრულდება.

ამის პარალელურად იქ უკვე გაჩნდა ინიციატივები, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროები მოაწყონ, თუმცა ჩვენთან ჯერჯერობთ განაცხადი არ შემოსულა“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი თქმით, გარდა კერძო ინიციატივებისა, სამუშაო ჯგუფისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის ნაწილი საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადაკეთდება და მის მართვაში კერძო დაინტერესებული ორგანიზაციები შევლენ.

„იმ ინფრასტრუქტურის ნაწილი, რაც იქ სამუშაო ჯგუფის რესტავრატორებისთვის გვაქვს გაკეთებული, შეიძლება გადაკეთდეს საოჯახო ტიპის სასატუმროებად, რომლის ადმინისტირებაშიც ვფიქრობთ, რომ შემდგომში კერძო ორგანიზაციებს შევიყვანთ, რათა დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქნას“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი თქმით, იმ კერძო პირებს, ვინც სასტუმროს მოწყობის ინიციატივით გამოვლენ, სააგენტოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

„სამწუხაროა, რომ ჯერ სურვილით არავის მოუმართავს. ეს არის ისტორიული გარემო და შესაბამისი პროექტები ჩვენთან უნდა იხილებოდეს. კერძო ინიციატივებს, რა თქმა უნდა, ექნება ხელშეწყობა. პირველ რიგში დავეხმარებით, რომ პროექტები იყოს სრულფასოვანი. თუ რამე ხარვეზები იქნება, ჩვენვე ვუზრუნველვყოფთ, რომ გამოსწორდეს, რათა ნებართვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ. ასევე ყველა ის პირობა, რომელიც ინიციატორს სახელმწიფომ შეიძლება შეუქმნას, მაგალითად, ადგილის შერჩევა თუ ნებისმიერი სხვა დეტალი, მაქსიმალურად ექნებათ. მთავარია ოფიციალურად გამოჩნდნენ, თორემ ინფორმაციები გვაქვს, რომ ვიღაცას სურვილი აქვს, ადგილებსაც არჩევენ, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

რაც შეეხება მუცოს რეაბილიტაციის საინვესტიციო ნაწილს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაციაზე 3.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.7 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.

ცნობისთვის, პირიქითა ხევსურეთის შუა საუკუნეების ურბანული კომპლექსი მუცო, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მთის ფერდზეა გაშენებული. მუცოს ხუროთმოძღვრებაში სამი ძირითადი ნაგებობა გამოიყოფა: ციხე-სახლები; კოშკები, რომლებიც თავდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია და აკლდამები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია გავრცელებული და მუცოში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

კლდეზე ნაგები კომპლექსი წლების განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ინგრეოდა. მისი რეაბილიტაციის გეგმა 2004 წლიდან არსებობდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა. მუცოს რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. რეაბილიტაცია ტრადიციული მეთოდით - ფიქალების მშრალი წყობით ხდება.

ნინი ქეთელაური