2019 წლიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოდის

2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოდის.ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს სისტემა ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებში დაწესდება. ამასთან, ხმალაძის თქმით, ამ ზონებში პარკირების საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან ელექტრომობილები.  

„ამ სისტემიდან შემოსული თანხები მთლიანად მიმართული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ. ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც კრიტიკულად მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ადგილები კი არ არის, შემცირდეს მოთხოვნა და ამის შედეგად გაიზარდოს მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ანუ ჩვენ მოქალაქეებს გავუჩინოთ კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ნაცვლად იმისა, რომ იწვალონ საპარკინგე ადგილების მოსაძებნად, იმგზავრონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაზეც ცენტრალური მთავრობა და მერია ეფექტურად ზრუნავს", - განაცხადა ხმალაძემ. 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაზე საუბარი იყო დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც. 

„პარკირების განფასებითი სისტემა გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ზონირება ქალაქში და დაიყოს - ცენტრალური, საგარეუბნო და შუალედური ზონები, რის მიხედვითაც პარკირებასთან დაკავშირებით განფასება მოხდება. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზანი ისაა, რომ ადგილებში, სადაც დიდი მოთხოვნა და დიდი ზეწოლაა, საპარკინგე ადგილები ტყუილად არ მოცდეს. შესაბამისად, საპარკინგე ზონებში გარკვეული ადგილები  ყოველთვის იქნება გამოთავისუფლებული იმ პირებისთვის, ვისაც საქმე აქვს და ავტომობილის დაყენებისთვის 1-2 საათის განმავლობაში თანხას გადაიხდის.

რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადასახადი უფრო ძვირი იქნება ვიდრე დღეს არის და უფრო ძვირი, ვიდრე სხვა ზონებში. რაც შეეხება პერიფერიას, იქ არ არის გამორიცხული საერთოდ უფასოც იყოს,“- განმარტავდა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.