„რეზონანსი": 20%+2% - დაფარული გადასახადის კვალი საპენსიო რეფორმის მიღმა

საპენსიო რეფორმის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობა არ აქვს.კანონიც ისე მიიღეს, რომ ოპონენტების აზრი მინიმალურ დონეზეც არ არის გათვალისწინებული. მართალია, კანონმდებლები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაითვალისწინეს, თუმცა რამდენად მოერგება იგი ქართულ სინამდვილეს, ძნელად სარწმუნოა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  რაც სპეციალისტებს კანონში ყველაზე მეტად არ მოსწონთ, 25-წლიანი პერსპექტივაა, რა დროიდანაც მოქალაქეებს გაზრდილი პენსიის მიღება შეეძლებათ, მაგრამ, რეალურად, არანაირი გარანტი არ არის, რომ ადამიანი 25 წლის შემდეგ თავის მიერ შეტანილი თანხის შესაბამისს თუ არა, მიახლოებით შესატყვის პენსიას მაინც მიიღებს.

ლარის დევალვაციისა და გაზრდილი ინფლაციის ფონზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საკმაოდ არადამაჯერებელი ჩანს.

ცნობილია, რომ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი მიიღო.

კანონის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.

თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

„ძნელია გადააჭარბო ამ რეფორმის შეფასებას. რისკები, გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება, რადგან შეუძლებელია 25-წლიანი ჰორიზონტის მთლიანად დათვლა და შეფასება. თუმცა ამ კანონში დღესდღეობით ჩადებულია როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ის გაკვეთილები, რომლებიც გლობალურმა საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყანაში წარუმატებელი შედეგებიდან გამოიტანა. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს იქნება ისეთი შედეგების მომტანი, რომელიც ჩვენ დაგვაახლოებს ისეთ პენსიების დონეს, რომელიც აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, სადაც ჩანაცვლების კოეფიციენტები 70-80%-ს აღწევს, მაგრამ დღევანდელი 18%-დან 50%-ზე ასვლა არის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ღირსეული პენსია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავდეთ და უზრუნველვყავით ისეთი მექანიზმი, რომ მოქალაქეთა შენატანი ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც ინფლაციის რისკიდან, ისე არაკეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობისგან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები" ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობდნენ. პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ფრაქცია იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებას საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა აქვს საკუთარ შეხედულებები რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით.

ფრაქციის მიერ მომზადებული საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია. ერთ-ერთი სვეტის მიხედვით, გაზრდილი პენსიის გაცემა უნდა მოხდეს რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა - 25-წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.

„ჩვენს სქემაში გათვალისწინებული იყო თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპი, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2O%2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა - 25-წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს იმ საფრთხის შესახებ, რაც საპენსიო რეფორმის განხორციელებას უკავშირდება.

„რამდენიმე კონკრეტული საკითხია, რომელთა გაანალიზება რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მეჩვენება. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მთელი საქართველო, რაც დაგროვებითი საპენსიო სქემები გაჩნდა, ელოდა, რომ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ განვლილ პერიოდში ეს ტვირთი საკუთარ თავზე ვერ აიღო. მოლოდინი საპენსიო რეფორმის მიმართ საკმაოდ დიდია, მაგრამ რასაც ვხედავ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც არის დაგროვილი.

ჩემს პრინციპულ შენიშვნას იწვევს მთავრობის დამოკიდებულება 25-წლიან პერიოდთან დაკაშვირებით. ვერ დავმალავ, რომ ამ პერიოდში კონტროლის საშუალება ნაკლებად საიმედოდ მესახება. გარდა ამისა, საპენსიო სქემამ ამუშავება რომ დაიწყოს, თანხის კონცენტრაცია უნდა მოხდეს ერთ კონკრეტულ ფონდში და აქედან მიიმართოს საინვესტიციო დაბანდებებში. ერთი შეხედვით, პრობლემას არ ქმნის, თუკი კაპიტალის ბაზარი იქნება აბსოლუტურად დახვეწილი და მოწოდების ისეთ სიმაღლეზე, რაც ნორმალურ საბაზრო ეკონომიკურ პირობებში სავსებით მისაღები უნდა იყოს", - ამბობს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია ასევე, საპენსიო ამონარიცხები იყოს დაზღვეული და აკმაყოფილებდეს იმ ძირითად მოთხოვნას, რაც მსოფლიო პრაქტიკას გააჩნია, ანუ მათი გადანაწილება შესაძლებელი იყოს ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროში.

„საერთაშორისო პრაქტიკით, საპენსიო რეფორმისთვის გათვალისწინებული საპენსიო ამონარიცხები ბიზნესის დივერსიფიცირების მნიშვნელობიდან გამომდინარე ნაწილდება. წესით, ეს ფული არ უნდა მოხვდეს ერთ კონკრეტულ სეგმენტს, რადგან მაქსიმალური სარგებლის მიღების პროცესს შეაფრხებს. თუმცა თანხას, რომელიც მომავალში უნდა აკუმულირდეს, უკვე გამოუჩნდნენ კონკრეტული პრეტენდენტები. გაჩნდა დიდი საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდეს ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას, რადგან სახეზეა შეფარული გადასახადი, რომლის გადახდა ბენეფიციარებს დაევალებათ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გადასახადის გადამხდელისთვის, საშემოსავლოს 20% ჩამოეჭრება თუ სადაზღვევო კომპანია დამატებით 2%-ს ჩამოაჭრის. სახეზეა გადასახადის მატების ფაქტი, რამაც შეიძლება, სამართლებრივი უკმაყოფილება გამოიწვიოს", - დასძენს აკაკი ჩარგეიშვილი.

მსგავს საფრთხეს ხედავს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. ის ფიქრობს, რომ ქვეყანა საპენსიო რეფორმისთვის მზად ჯერჯერობით არ არის.

„როდესაც საპენსიო ფონდში თანხების აკუმულირება მოხდება, მისი მართვა რეალურად საპენსიო ფონდმა უნდა განახორციელოს. ასე ხდება უცხოეთის ქვეყნებში. ჩვენთან, მაგალითად, საპენსიო ფონდს არ აქვს დასაბანდებელი თანხები პრაქტიკულად არსად, გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა, სადაც დაბალი შემოსავლები გვაქვს. უცხოეთში ეს საკითხი აწყობილია საერთოდ სხვა პრინციპზე და პირველ რიგში უმუშევრობის მჩვენებელი იქ ძალიან დაბალია. საპენსიო ფონდებს აქვთ საშუალება, დივერსიფიცირება გაუკეთონ დაბანდებებს და, შესაბამისად, კვალიფიციურად მართონ ეს თანხები, რაც აკუმულირებულია საპენსიო ფონდში, ჩვენ კი ეს საშუალებები საერთოდ არ გაგვაჩნია", - განმარტავს ხომიზურაშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"