დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შემდეგაც შევძლებთ ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
„ჩვენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შემდეგაც შევძლებთ ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირებას. ჩვენი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთი პატარა, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი მწვანე ეკონომიკური პოლიტიკისა, რასაც პრემიერ-მინისტრი ახალ მთავრობასთან ერთად აკეთებს და რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გაიმართება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა პრემიერ - მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრობის დროიდან გვიცხადებდა მაქსიმალურ მხარდაჭერას, რომ განხორციელებულიყო ის რეფორმები და პროექტები, რომლებიც დავაანონსეთ“, - განაცხადა კალაძემ.