ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.
„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან ჩართულია და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
წინასწარი გათვლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, ხიდის მონტაჟი დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდა.
სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები - საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.
ასევე, ჭუბერში იმყოფებიან დეპარტამენტის რეგიონული ოფისებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.