23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (71.8%), სომხეთის რესპუბლიკაში (17.9%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.