სატრანსპორტო სისტემის რეფორმების პროცესი უფრო სწრაფი ტემპით ხორციელდება, ვიდრე წინასაარჩევნოდ ვვარაუდობდით,- ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებას ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს.
„ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა და ინდივიდუალური ტრანსპორტით გადაადგილების დაბალანსება, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თბილისისა და თბილისელებისთვის. თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის თაოსნობით მკაფიო და გაბედულ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც ავტობუსების პარკის სრულ განახლებას, მეტროს შემადგენლობების განახლება-გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის სინქრონიზაციას, პარკირების სისტემის მოწესრიგებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდას ემსხურება ქალაქში.
კომპლექსური ნაბიჯების გარეშე, შეუძლებელი იქნება თბილისის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ამ ამბიციური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში, უშუალოდ არის ჩართული თბილისის მერი; გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა, რაც დღევანდელ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაშიც გამოიხატა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო სისტემის რეფორმების პროცესი უფრო სწრაფი ტემპით ხორციელდება, ვიდრე წინასაარჩევნოდ ვვარაუდობდით. ჩვენი გათვლებით, 2019-2020 წლებისთვის ამ რეფორმების შედეგები უკვე ძალზედ თვალსაჩინო და ხელშესახები იქნება თითოეული თბილისელისთვის, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.