დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს

იმის მოლოდინში, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის პროცესს გააგრძელებს, ამერიკული ვალუტის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. არადა, ტრამპმა ცენტრალური ბანკი სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა.

ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ამ ვალუტის ექვს წამყვან ვალუტასთან საშუალო კურსს ასახავს, 94.39-ის სიახლოვეს მერყეობს, ანუ პრაქტიკულად უმოძრაოდაა.

კონგრესის წინაშე გამოსვლისას, ფედრეზერვის შეფმა ჯერომ პაუელმა დაადასტურა, რომ ცენტრალური ბანკი გააგრძელებს მის მიერ არჩეულ პოლიტიკას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფედრეზერვის წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთს კიდევ ორჯერ გაზრდის. სწორედ ეს გარემოება უმაგრებს დოლარს ზურგს.

პაუელის და მისი კოლეგების თავდაჯერებას, შეერთებული შტატების ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარება უწყობს ხელს. ტრამპი კი თვლის, რომ დოლარზე განაკვეთის თუნდაც ეტაპობრივი და ნელი ტემპით ზრდა, ეწინააღმდეგება მის მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა. გარდა ამისა, ტრამპი ამბობს, რომ განკვეთის ზრდა, დოლარის გამყარებას იწვევს, რაც ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის, შემაფერხებელი ფაქტორია.

დოლარმა იაპონურ იენთან ოდნავ დათმო პოზიცია და 110.72 იენამდე შემცირდა, თუმცა შემდეგ ისევ ასცდა 111.00 იენის ზღვარს და 111.15-მდე გაიზარდა. იაპონური იენის გამყარება იმ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, რომლის შესაბამისადაც, იაპონიის ბანკი, ეკონომიკის სტიმულირების მასიური პროგრამის შეცვლას განიხილავს. იაპონიის ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ თვის ბოლოს მიიღებს.

ევროსთან წყვილში დოლარის კურსი სტაბილურია და 1.1690-ის სიახლოვეს დრეიფობს. დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ევრო ზონაში კერძო სექტორის ზრდა შენელდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რეგიონში მესამე კვარტალი უარყოფითად დაიწყო. შედარებით გამყარდა სტერლინგი, რომელიც დოლართან წყვილში დაახლოებით 0.11 პროცენტით გაიზარდა და 1.3114 დოლარის სიახლოვეს იმყოფება.

პარალელურად, ჩინური იუანი კვლავ თმობს პოზიციებს და დოლართან წყვილში, ბოლო 13 თვის მინიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთი დოლარის ფასი უკვე 6.8345 იუანს აღწევს. ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი იუანის დასუსტება აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის გამწვავების პირობებში, ჩინეთს დანაკარგის შემცირების საშუალებას აძლევს.