„ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის“

ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

ყოფილმა პრემიერმა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კვირიკაშვილს არჩევანი აღარ ჰქონდა, უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“.

„შეხვედრის დროს [უმრავლესობის წევრების შეხვედრა ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან] მძიმე კითხვები დაისვა კვირიკაშვილის მისამართით. ის, რომ იყო შემთხვევები, როცა ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. რა თქმა უნდა, ბიზნესის ლობირება აუცილებელია ყველა ჩინოვნიკის მხრიდან და მეც მოვუწოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება უნდა გავუწიოთ ჩვენს ბიზნესს შიგნით და განსაკუთრებით გარეთ ექსპორტზე, მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები, რაც აქვს კანონით განსაზღვრული - სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს. მე ახლა ძალიან მსუბუქად მინდა რომ...

მოკლედ, შეკითხვები იყო ძალიან მძიმე. საუბარი ალბათ, სამი საათი გაგრძელდა. კვირიკაშვილი ცდილობდა და მას ჰქონდა საშუალება გამოსვლის და რამდენჯერმე შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას, თუმცა დასასრულს კარგად ჩანდა და მანაც და მთელმა გუნდმაც კარგად დაინახა, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ვთქვათ ერთმა კაცმა, ივანიშვილმა დაიჟინა. იქ იყო მკაცრი კითხვები, იყო ზომიერი კითხვებიც, ჰქონდა მას შესაძლებლობა პასუხის გაცემის, შედეგიც კარგად ჩანდა და მანაც დაინახა ეს შედეგი - მას გადასაწყვეტი აღარ ჰქონდა, არ დარჩა არჩევანი, უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.