ბიძინა ივანიშვილი - „პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი

„პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია. „ერთმა პატივსაცემმა ქალბატონმა მკითხა: რად გინდა სასტუმროებს რომ აშენებ, ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, უკაცრავად ვარ და, რა თავში ვიხლი სასტუმროების მშენებლობას, მხოლოდ ისევ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. რასაც „პანორამისთვის“ ვაკეთებ, ეს არის უპრეცედენტო, სამსაფეხურიანი სასტუმრო. მხოლოდ 4 წუთი სჭირდება დაახლოებით საბაგიროთი, ცენტრიდან, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილიდან ახვიდე და გოლფი ითამაშო. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც სანაგვე იყო ადრე და ახლა სასტუმრო კეთდება. მესამე საფეხურია თაბორის მთა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფის მოედანიც და გოლფკლუბიც. ვინც პროექტი ნახა, ყველა აღფრთოვანებულია. ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას. მე ვაკეთებ ისეთ პროექტს, რომლის გაკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება და შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს და ვერ ააშენოს.

იქნება სამი ნაწილი, ცენტრი, შუაში საკონფერენციო დიდი სივრცე გაკეთდება და ამით შეუძლია ქვეყნებმა ისარგებლონ. ძალიან დიდი დეფიციტია მთელ მსოფლიოში. უნიკალური სივრცე გაკეთდება, თბილისობა რომ ვერ გადაგვიხდია. უფასოდ მაინც მივცემ ამას სახელმწიფოს. 1500 კაცს ვერ ვატევთ ვერსად, 3000-3500 კაცს დავატევთ. თან საბაგიროთი შეიძლება გადაადგილება და არა მანქანით. ამავე საბაგიროთი შეიძლება ასვლა და გოლფის თამაში. სიმწვანეს რაც შეეხება, იმაზე მეტი ხე დაირგვება, რაც იყო, თანაც თაბორის მთაზე დაავადებული ხეებია და ეს პროცესიც დაწყებული მაქვს. ის, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი დონის სასტუმროების კასკადი იქნება, გარწმუნებთ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება თბილისის. ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ამაში ფულს ვაკეთებ, 700 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება მარტო ეს ნაწილი, ვაცხადებ საჯაროდ, თუ ვინმე ქართველი გამოჩნდება, საჩუქრად კი არა, ფასდაკლებით მივცემ, მინიმუმ მიწას გადავუფორმებ უფასოდ, ოღონდ ეს პროექტი გააკეთოს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ მსურველს ასევე უფასოდ დაუთმობს ანაკლიაში შეძენილ მიწასაც, თუმცა ერთი პირობით, რომ იქ მისი პროექტით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. „მე ანაკლიაში მიწა შეძენილი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე გააკეთებს, უფასოდ მივცემ, ვაჩუქებ იმ მიწას. იმ ადგილზე, სადაც ე.წ. საზღვარია, ზუსტად მიჯნაზე ვაშენებ სასტუმროს. იქ ბოტანიკური ბაღი მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, კლიმატია უნიკალური და მეშინია არ შეცვალოს, მაგრამ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ძალიან საინტერესოა. მშენებლობა ცოტა შემიფერხდა და ალბათ, გაისად დავიწყებ. თუ ვინმე ამას გააკეთებს, მიწას უფასოდ ვჩუქნი, რომელიც შესყიდული მაქვს. ასევე უნიკალურ პროექტს ვაკეთებ სანატორიუმის სახით მწვანე კონცხზე. იმის შემოსავლებით ბოტანიკურ ბაღს მაინც მივხედავ ბოლომდე. კომერციულ პროექტებს რასაც ეძახიან, ნებისმიერის დათმობა სიამოვნებით შემიძლია. თუ ვინმე ბიზნესმენი ამას აიღებს, ფასს აუცილებლად დავუთმობ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ურეკში არსებულ სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, შავი ზღვის სანაპიროზე სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

„ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფის“ აშენების ფასად სამ სასტუმროს ავაშენებდი, მაგრამ იმდენად უნიკალურია, ევროპელები ჩამოვლენ. ზამთრის ბაღი გაკეთდა, დიდ სოლარიუმს ვაშენებთ, მინდა ამით სეზონი გაიზარდოს და ორი თვე არ იყოს შავ ზღვაზე, როგორმე კონკურენტუნარიანი გახდეს სანაპირო. მაისიდან მაინც დაიწყოს სეზონი და ოქტომბრის ჩათვლით გასტანოს. თუ ვინმე იყიდის 20-25%-ით დავუკლებ ფასს, მოვიდნენ და იყიდონ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, ყველა მოგებული ფული ქველმოქმედებაში წავა. ესეც გააკონტროლონ, მობრძანდნენ ოპონენტები, ჩართონ მრიცხველი და დაითვალონ. თუ მყიდველი ჰყავთ, ფასდაკლებით დავუთმობ, ოღონდ იმ პროექტით გააკეთონ, რაც მაქვს“, - განაცხადა ივანიშვილმა.