თბილისის მერია საბჭოთა ეპოქის ბინების, ე. წ. „ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს იწყებს.როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, უკვე არსებობს კონცეფცია, რითაც მერია დაზარალებულებს დაეხმარება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გადაწყდა, რომ ინვესტორს თბილისის მერია საკმაოდ მყარი გარანტიით მოიძიებს და ძველი ბინების სანაცვლოდ, უძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს.
სხვადასხვა დროს პრობლემის გადაჭრას წინა მთავრობებიც ცდილობდნენ, მაგრამ რეალურად პრობლემის მოგვარება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მხოლოდ ახლა, „ქართული ოცნების" მმართველობის 6 წლის თავზე ხდება შესაძლებელი.
როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ „რეზონანსს" განუცხადა, ე. წ. „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. მისი ინფორმაციით, საპილოტე პროექტად ვარკეთილი შეირჩა, რადგან იქ ამ პროექტის ყველაზე ბევრი დაზიანებული სახლია.
„ადამიანი, რომელიც გარკვეულ მისამართზე ცხოვრობს, მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა სხვა ბინაში, საკუთარი საცხოვრისის მიმდებარედ, რომ არ მოსცილდეს მშობლიურ გარემოს, სკოლას, საბავშვო ბაღს და სხვა. ოჯახი სადაც ინტეგრირებულია და ცხოვრობდა, ახალი ბინაც იმ რადიუსში გადაეცემა. პირველი შეირჩა ვარკეთილი. კერძოდ, მესამე მიკრორაიონი, სადაც ბევრი ავარიული ე. წ. „ხრუშოვკაა". პირველ ეტაპზე ახალაშენებულ ბინებში 170 ოჯახის გადაყვანას შევძლებთ. აქ პრინციპი ცოტა განსხვავებულია, ვიდრე კოოპერატივებთან მიმართებაში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა შემთხვევაში ინვესტორი იმავე ტერიტორიაზე შემოვა, სადაც ფართებს გამოვათავისუფლებთ.
პირველი მიწის ნაკვეთი უკვე გამოვყავით. ვგეგმავთ, ვარკეთილის შემდეგ ქალაქის სხვა უბნებშიც გაგრძელდეს ჩანაცვლების პროცესი, სადაც ბევრია ავარიული „ხრუშოვკა". ჩვენი პრიორიტეტია, რომ თბილისელებისთვის უსაფრთხო გავხადოთ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ", - ამბობს ირაკლი თავართქილაძე და დასძენს, რომ ერთ-ერთ პრობლემად მიიჩნევა მიწის ნაკვეთების მხრივ არსებული შეზღუდვა, რაც განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ უბნებს ეხება.
ყველა უბანს თავისი მიდგომა სჭირდება როგორც ინვესტორის შერჩევის, ასევე პროექტის სისრულეში მოყვანის მხრივ. სპეციალურად გამოიყოფა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც თბილისის მერია კომპანიებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესთავაზებს, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი გადმოგვცემს კონკრეტულ ფართს, რომელიც სამომავლოდ „ხრუშოვკების" ყოფილ მობინადრეებს დაუკანონდებათ.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა საბანკო გარანტია წარმოადგინოს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ფინანსურად მყარი კომპანია შეირჩეს. შესაბამისად, თუ ინვესტორი ვერ განახორციელებს პროექტს, ჩვენ შეგვეძლება, რომ ამ ხალხს ნაკისრი ვალდებულება უკვე ფულადად გავუსტუმროთ", - განმარტავს ირაკლი თავართქილაძე.
რაც შეეხება ბიზნესის დამოკიდებულებას პროექტის მიმართ, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ინტერესი იქნება დიდი, რამდენადაც ინვესტორს მერია საკმაოდ მიმზიდველ პირობებს სთავაზობს, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.
„ინვესტორებს მერიის მხრიდან ხელშეწყობა ექნებათ. ცხადია, ეს მოხდება კანონის ფარგლებში და ჩვენი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. საბოლოოდ კი გამარჯვებული იმის მიხედვით გამოვლინდება, ვინც უფრო დიდ ფართს გადმოსცემს მუნიციპალიტეტს", - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.
„რეზონანსის" მიერ მოპოვებული არაოფიციალური მონაცემით, თბილისში 4-5-სართულიანი დაახლოებით, 512 ხრუშოვკაა, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავია. ეს შენობები ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ვარკეთილში, ნავთლუღში, დიღომსა და კრწანისშია განთავსებული.
მარი გოცირიძე
გაზეთი „რეზონანსი"