ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ხელისუფლებაში მზად არიან დიალოგისთვის და სურთ სავაჭრო დისბალანსთან და ტარიფებთან დაკავშირებით ამერიკის პირობები მიიღონ.
ამის შესახებ მან კანზას სიტიში ვეტერანების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გადავალაგეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. აღმაშფოთებელია, რასაც ევროკავშირი აკეთებს ჩვენთვის“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ გასულ წელს სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან 151 მილიარდი დოლარი შეადგინა. „ისინი ყველანი მოვლენ ჩემთან ხვალ, ისინი თეთრ სახლში მოდიან“ - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მანამდე სტუმრობდა სხვადასხვა ქვეყნებს და აინტერესებდა, თუ რა იწვევდა ამ სავაჭრო დისბალანსს.
„რაზეც მე მპასუხობდნენ, რომ ადრე ეს არავის აინტერესებდა. ისინი აკეთებდნენ რაც უნდოდათ და ჩვენ უბრალოდ ამას ვეგუებოდით. ამიერიდან ეს არ განმეორდება. ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ. ყველა მოდის ჩვენთან და არ სურთ, რომ მათ გაზრდილი ტარიფები დავუწესოთ. მოვიდა დრო მძარცველობითი ტარიფების დასრულების. ჩვენ ეკონომიკაში საქმე კარგად მიგვდის. ეს ქვეყნები ჩვენ გვძარცვავდნენ ათწლეულები, ამას დასჭირდება დრო, კვირეები, მაგრამ ჩვენ ამას მივაღწევთ. დაიმახსოვრეთ ჩვენ ვერ დავკარგავთ 817 მილიარდ დოლარს წლიურად“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე სიტყვებით, საპრეზიდენტო ვადის ბოლოსკენ ლოზუნგი „გავხადოთ აშშ კვლავ დიადი“ შეიცვლება ლოზუნგით - „შევინარჩუნოთ აშშ კვლავ დიადი“.
კოკა კვირკველია