გენგეგმის დოკუმენტში არის ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა და ერთმანეთის გამომრიცხავი მიდგომა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაჩეიშვილმა აღნიშნა, ამ ხარვეზების გამოსწორების გარეშე დოკუმენტის მიღება დაუშვებელია.
"გენგეგმის იმ მასალაში, რომელიც უნდა იყოს საყრდენი და ოპერირებადი, ყურადღებით დათვალიერების შემდგომ არის ბევრი ხარვეზი, გაურკვევლობა ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა და ინფორმაცია. ეს იქნება კოლაფსი რიგ შემთხვევაში პრინციპული გადაწყვეტილებებისთვის. ვიდრე ეს შეცდომები არ გამოსწორდება, მანამდე აზრი არ აქვს ასეთი გენგეგმის მიღებას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უფლებრივი ზონირების რუკებში განაშენიანების ნებადართულობა და შეიძლება ზონალურ რუკებში ვნახოთ განაშენიანების აკრძალვა, რომელი იქნება უპირატესი, ამას ვერავინ ვერ გაიგებს და შესაბამისად, სულ იქნება დავა და სულ მივა სუბიექტურ გადაწყვეტილებამდე საქმე და იქნება ქაოსი. ასეთი ორმაგობა არ უნდა არსებობდეს დოკუმენტში",- განაცხადა ვაჩეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტს განიხილავენ. სხდომას ესწრებიან როგორც საკრებულოს წევრები, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლები და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის ავტორები.