მეშახტეებმა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს შახტის დირექტორის თანამდებობაზე ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა წარუდგინეს

ტყიბულელი მეშახტეები დღეს „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსული მეშახტეები აცხადებენ, მათ ჯაყელმა უთხრა, რომ წარედგინათ მათთვის სასურველი კანდიდატი შახტის დირექტორის თანამდებობაზე.

მეშახტეებმა კომპანიის გენერალურ დირექტორს შახტის დირექტორის თანამდებობაზე ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა წარუდგინეს, რომელსაც ამ დროისთვის შახტში შახტის წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, ჯამბულ ჯაყელმა მათ განუცხადა, რომ კომპანია განიხილავს მათ წარდგენილ კანდიდატურას. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ დღეს აქციებს შეწყვეტენ და კომპანიასთან მოლაპარაკების რეჟიმში გადავლენ.