საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოა, შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანდეს.როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მთავრობა აღნიშნული სამსახურის შს სამინისტროში გაერთიანების ვარიანტზე მუშაობს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის დანიშვნას არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა მოხდა და მათ ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა. აღნიშნული ცვლილებები მაშინ განხორციელდა, როცა შს მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დაიკავა, ხოლო ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა გახარიას წინამორბედს, გიორგი მღებრიშვილს ჩააბარეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს შემადგენლობიდან გასული საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმირებას და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს.