„ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“

„ჩვენ უკვე შემოვიღეთ და დავაანონსეთ „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ნდობა ქვეყანაში“ და გავასაჯაროვეთ დებულების პროექტი „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების“ შესახებ.ამის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე, - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ბანკებთან მიმართებაში საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება. ჩვენ არსებულ სიტუაციას ვიღებთ, როგორც მოცემულს. შესაბამისად, ჩვენი მანდატიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე წარვმართავთ ჩვენს პოლიტიკას. ასე რომ, ჩემი პასუხი ამ მხრიდან იქნება გაცემული.

ეროვნული ბანკის მანდატი არის ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერა. ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. შარშანაც ვსაუბრობდით ამ საკითხებზე და გარკვეული ზომები გავატარეთ ამ საკითხზე. რაც შეეხება 2018 წელს, 1-ელ მარტს გამართულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში აღვნიშნეთ, რომ ეს არის საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, დავძენ, რომ რადგან ეს არის გლობალური მიმართულება და ტრენდი, ჩვენც აუცილებლად ვაანალიზებთ ამ მიმართულებას და ვაქცევთ ყურადღებას. აქედან გამომდინარე უკვე შემოვიღეთ და დავაანონსეთ „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების ნდობა ქვეყანაში“ და გავასასაჯაროვეთ დებულების პროექტი „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების“ შესახებ და ამის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე.

მოგეხსენებათ, რომ ეს დებულება არის ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე.

მეორე მხრივ, 7 მაისს ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება შეგვეზღუდა ისეთი სესხების გაცემა, რომლებიც შემოსავლების შემოწმების გარეშე გაიცემოდა.

ეს არის ჩვენი ანალიზი და რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს არის ფინანსური სტაბილურობის საკითხი,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კითხვაზე: შეეძლო თუ არა ჭარბვალიანობის გამოწვევა ორ ბანკს, თუ ამის მიზეზი არსებული დამატებითი რეგულაციებია, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა რეგულაციები.

„თუ ერთ ჩარჩოში არ იქნება მოქცეული, ყოველთვის იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება ხმაური შეიტანონ ამ მიმართულებით, ამიტომ არის იმ პაკეტის მიღება მნიშვნელოვანი, რომელიც აღვნიშნე,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობა იყო ის ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რაც მას ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა.