ერთადერთი საკითხი, რაზეც საკრებულომ შეიძლება იმსჯელოს, გენგეგმის განხორციელების ეტაპებია, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, არის პროექტები, რომლის განხორციელებაც აუცილებელია, თუმცა ძალიან ძვირია.
„მსჯელობა შეიძლება იმაზე, რაღაც ეტაპი ცოტა ადრე ან ცოტა გვიან ხომ არ უნდა შესრულდეს, რადგან ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ზოგი პროექტი სასურველია განხორციელდეს, მაგრამ ძალიან ძვირია. ქალაქმშენებლობითი პროექტების პირველივე ეტაპზე მოსახლეობამ შედეგი უნდა დაინახოს. ამ თვალსაზრისითაც არის შესაფასებელი პროექტების ფასი და განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება განსხვავებებს, რომელიც განახლებულ გენერალურ გეგმას ძველ ვარიანტთან შედარებით უპირატესს ხდის, ბოლქვაძის განმარტებით, ეს არის გეოდინამიკური საფრთხეების შემცველ ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვები. მისივე თქმით, დაუშვებელია მშენებლობები მდინარეების კალაპოტებში და და ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება „პანორამა თბილისს“, რომელიც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაშია მოქცეული, როგორც გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა, მის მშენებლობას არაფერი ემუქრება. ბოლქვაძის განმარტებით, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში „პანორამა თბილისის“ გარდა სოფლებიც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე გენგეგმის დოკუმენტს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. საკრებულომ დოკუმენტი აგვისტოს ბოლომდე უნდა მიიღოს, 2019 წლის 1 იანვრიდან კი, ქალაქის განვითარება ახალი გენგემით უნდა დაიწყოს.