ბიტკოინის ფასის ზრდა ინვესტორთა მოლოდინმა განაპირობა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბიტკოინის ფასი 8 000-დოლარიან ზღვარს ისევ ასცდა.

გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი და მათზე მოთხოვნაც. ბიტფაინექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 8 300 დოლარს ასცდა და შემდეგ 8 160-მდე დაეშვა.

ციფრული ვალუტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია მოლოდინმა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების და ბაზრების კომისია (SEC), გაცვლითი ვაჭრობის ფონდს (ETF) ციფრული ვალუტის ინდექსის დარეგისტრირების უფლებას მისცემს.

უნდა ითქვას, რომ ამავე კომისიას, სხვა მსგავსი ფონდებისთვის, ცირული ვალუტების, კერძოდ კი ბიტკოინის ინდექსის რეგისტრაციაზე უარი აქვს ნათქვამი. მაგრამ ნიუ იორკში ბაზირებულ კომპანიას იმედი აქვს, რომ ამჯერად ასე არ მოხდება.

ბიტკოინის პარალელურად, სხვა პოპულარული ციფრული ვალუტების ფასებიც გაიზარდა. კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ვალუტის, ეთერიუმის ფასი 6.0 პროცენტით, 480.2 დოლარამდე გაიზარდა. 4.7 პროცენტით, 0.46238 დოლარამდე გაძვირდა „რიპლის“ XRP, ლაიტკოინის ზრდა კი 6.3 პროცენტი იყო და ფასმა 87.974 დოლარს მიაღწია.

ივლისში ბიტკოინის ფასის ზრდა 40 პროცენტს აღწევს, ამ კვირაში კი - 13 პროცენტს. ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომისია გაცვლითი ვაჭრობის ფონდ „ბიტვაიზ ასსეტ მენეჯმენტს“, ბიტკოინის ინდექსის დარეგისტრირების უფლებას აგვისტოს დასაწყისში მიანიჭებს. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ რამე გაუთვალისწინებლი არ მოხდა, ციფრული ვალუტების ბაზარს ზრდის სტიმული ექნება. კომისიას წლის დასაწყისიდან, ინდექსების დარეგისტრირებაზე სამი კომპანიის მოთხოვნაც აქვს მიღებული.

ამ აღმავლობის მიუხედავად, ბიტკოინის ფასი მაინც შორსაა იმ პიკისგან (20 000 დოლარი), რომელზეც დეკემბერში იმყოფებოდა. ამჯერად ფასი იმ პიკის დაახლოებით 60 პროცენტის დონეზეა.

ციფრული ვალუტების მონაცემთა ანალიტიკის კომპანია „კოინფი-ს“ მთავარი აღმასრულებელი ტიმოთი ტიმი ამბობს, რომ ფასების ნახევარწლიანი კლების შემდეგ, რაიმე პროგნოზზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ტექნიკური ანალიზი აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ სახეზეა ხარული (მზარდი) ბაზრის დასაწყისის რეალური ნიშნები.

ციფრული ვალუტების ბაზრისთვის არის კიდევ ერთი დადებითი სიახლე - მსოფლიოს უდიდესი გამცვლელი პლატფორმა „ბინანსი“ სამხრეთ კორეის ბაზარზე შევიდა.