უცნაური მოტოციკლი საავიაციო ძრავით და უზარმაზარი ბორბლებით (+ვიდეო)

ინტერნეტის მეშვეობით ალბათ, ბევრი უცნაური მანქანა გინახავთ. მაგრამ ეს, რომელიც ამ ფოტოზეა, ალბათ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

ეს მოტოციკლი, სახელად „TMC დუმონ“, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ბრაზილიელი ტარშუ მარკეშის (TM სწორედ მისი ინიციალებია) მიერ არის შექმნილი.

მოტოციკლი დგას ორ 36-დუიმიან ბორბალზე, რომლებსაც საყრდენი წკირები არ გააჩნია. ის არის უჩვეულოდ გრძელი, განსხვავებული კონსტრუქციის და აღჭურვილია „როლს-როისის“ საავიაციო ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ჰაერით გრილდება და 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მარკეში სიჩქარეს ეტრფის და ინდივიდუალური მოტოციკლების წარმოებით არის დაკავებული. მის პროექტებს, მოტოციკლების ინდივიდუალიზაციის მსოფლიო ჩემპიონის ოთხი წოდება აქვს მოპოვებული! „TMC დუმონი“ ბრაზილიის ავიაციის პიონერ ალბერტუ სანტუშ-დუმონს ეძღვნება, რომელსაც, როგორც ბრაზილიელები ირწმუნებიან, პირველი თვითმფრინავი ამერიკელ ძმებ რაიტებზე ადრე აქვს შექმნილი.

რა თქმა უნდა, ასეთი მოტოციკლი არაპრაქტიკულია და ვერც უსაფრთხოებით გამოირჩევა. მაგრამ გზაზე მისი დანახვა ყველასთვის გამორჩეული მოვლენა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ის არანაკლებ ინტერესს გამოიწვევს, ვიდრე ცაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დანახვა.

ჩვენ კი „TMC დუმონის“ ხილვა ამ ვიდეოს მეშვეობით შეგვიძლია: