რა წერია გომბორის გზის დასკვნაში

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

ასოციაციის ინფორამციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ხანია, რაც კითხვები არსებობს და თემა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 1 თვის განმავლობაში დაშავდა-დასახიჩრდა 40-ზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი.

რა არის ტრაგედიების მთავარი მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ შეისწავლა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზატკეცილის გადასახვევიდან (27-ე კმ) გომბორი გზის 50-ე კილომეტრის ჩათვლით, სადაც „ექსკურსიის ბავშვების“ სახელით ცნობილი ტრაგიკული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

მათივე ინფორამციით, გომბორის გზის შესწავლა მიმდინარეობდა ადგილზე, 2 დღის განმავლობაში, 15-16 ივლისს.

„15 ივლისს საშუალება მოგვეცა, რომ შესწავლა-დაკვირვება მოგვეხდინა, როგორც მზიანი, ასევე წვიმიანი და ნისლიანი ამინდის პირობებში. დაკვირვება მიმდინარეობდა როგორც დღის, ასევე ღამის საათებში.

მომსწრე გავხდით არაერთი საფრთხის შემცველი ფაქტის, კერძოდ კი უჯარმაში, სადაც ბავშვი „ზებრა-გადასასვლელზე“ ვერ ახერხებდა და მხოლოდ ჩვენი დახმარებით შეძლო გზის გადაკვეთა. გზის პირას მდებარე სოფლებში, მოსახლეობა ფეხით, ძირითადად საავტომობილო გზაზე გადაადგილდება (ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის დროს), რაც უკიდურესად დიდ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს“,-ნათქვამია დოკუმენტში.

მათივე განმარტებით, გომბორის გზაზე ყოფნის პერიოდში, დაფიქსირდა ბევრი საინტერესო და ამავდროულად საგანგაშო შემთხვევა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, მძღოლების მხრიდან ავტომობილის „აგრესიული მართვის“, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გასწრების შემთხვევები.

რაც შეეხება დასკვნის შედეგებს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ, გზის შესწავლის პროცესსში გამოვლინდა არაერთი შეცდომით დამონტაჟებული, ან არათვალსაჩინოდ განლაგებული საგზაო ნიშნები. რაც, ასოციაციის განმარტებით, კიდევ უფრო ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს.

დასკვნაში ასევე საუბარია, მოძრაობის სიჩქარის არასწორ მითითებაზეც.

„დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წრიულ მოძრაობამდე და წრიული მოძრაობის დროსაც, ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია გზის ამ მონაკვეთის გავლა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით. არის უკიდურესად საფრთხის შემცველი საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისათვის, მათ შორის ქვეითისათვის. საგზაო ნიშნები შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საგზაო ნიშნები ასევე ეწინააღმდეგება ჯერ კიდევ შემორჩენილ საგზაო მონიშვნებსაც. იმის ნაცვლად, რომ საგზაო ნიშნები-მონიშვნები მძღოლს უმარტივებდეს მოძრაობას და უწევდეს დახმარებას უსაფრთხოდ გადაადგილებაში, პირიქით, აწვდის არასწორ ინფორმაციას და შეჰყავს შეცდომაში. მოუწესრიგებელია გზატკეცილის გვერდულები და შუქამრეკლი ბოძ-კინტები. გაუგებარია 70 კმ/სთ სიჩქარის დაშვება წრიული მოძრაობის ირგვლივ და ამავდროულად სხვა სატრანსპორტო საშუალებისათვის გზის დათმობის მოთხოვნა. საგზაო ნიშნები მოუვლელია და ჩაფლულია ხეებში. საგზაო მონიშვნები თითქმის წაშლილია და აღარ აღიქმება, განსაკუთრებით ღამის საათებში. საერთოდ უგულებელყოფილია მაფრთხილებელი საგზაო ნიშნები, რომლებიც წინასწარ მიაწვდიდა მძღოლს ინფორმაციას საგზაო მოძრაობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ერთადერთი საშუალება, რომ მისაბმელიანი ტრანსპორტის გომბორის გზაზე შესვლის აკრძალვა გაკონტროლდეს არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, გამომდინარე მათი დატვირთვიდან, კანონის აღსრულებისათვის მხოლოდ მათ ფიზიკურ რესურსზე დაყრდნობა არასაკმარისია. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის 27-ე კილომეტრი გომბორის გადასახვევთან, ისეა მოწყობოლი, რომ არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. გზის ამ მონაკვეთის საგზაო-ინფრასტრუქტურულ მოწყობას არ აქვს არანაირი საერთო, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო-თანამედროვე სტანდარტებთან“,-ნათქვამია დასკვნაში. იხილეთ დასკვნის სრული ვერსია