საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, ან ხელს აფარებს ამას.ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მთავრობა რეგულაციებს შემოიღებს.
“მინდა გამოვეხმაურო ისეთ საკითხს, როგორიც არის ხე-ტყის უკანონო ჭრა. თქვენ იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებსს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და დღეს ფინანსთა სამინისტროს მთავრობაზე გამოაქვს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტის საკითხი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი შეზუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და მოვახდინოთ ე.წ. რეფორესტიზაცია, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა ქვეყანაში და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - განაცხადა ბახტაძემ.