თბილისში ყავის ქარხანა ოქტომბერში გაიხსნება - „კაფსულო“ წარმოების 50% ექსპორტზე გატანას აპირებს

კახეთის გზატკეცილზე აპარატის ყავის პირველი საწარმო ოქტომბერში გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „კაფსულოს“ ხელმძღვანელმა ბეჟან გურგენიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმოში მინიმუმ 40 ადამიანი დასაქმდება, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება.

როგორც ბეჟან გურგენიძე აცხადებს, პროექტს ორი ქართველი ინვესტორი ჰყავს. ამასთან, ყავის საწარმოს (coffee factory) მშენებლობაზე ჯამში, 25 000 000 ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია. თუმცა, ბეჟან გურგენიძის თქმით, გარკვეული აპარატურის შეძენა და მონტაჟი ისევ მიმდინარეობს, ამიტომ, სავარაუდოდ, თანხის რაოდენობა გაიზრდება. კომპანია ნედლეულს აფრიკიდან, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანს.

„ვერ გეტყვით, რომ 24 საათში გაიხსნება, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ქარხანა რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გახსნა ოქტომბერში მოვასწროთ. კომპანიას ჰყავს 2 ქართველი ინვესტორი. ინვესტიციის რაოდენობა კი მინიმუმ, 25 000 000 ლარია. ჩვენ კიდევ რაღაცეების შესყიდვის და მონტაჟის პროცეში ვართ, ამიტომ შეიძლება თანხა გაიზარდოს.

რაც შეეხება დასაქმებას, დღევანდელი გადმოსახედიდან, პირველ ეტაპზე მინიმუმ 40 ადამიანი დასაქმდება, ერთი წლის თავზე იმედია, 70-მდე გავზრდით“,-აცხადებს ბეჟან გურგენიძე.

კითხვებზე, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება აპარატის ყავა და რა იქნება მისი საფასო ღირებულება, ბეჟან გურგენიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„ნედლეულს შემოვიტანთ ძირითადად აღმოსავლეთ აფრიკიდან, ასევე, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან. რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდებთან თანამშროლობას, ამას არ ვაპირებთ“,-აცხადებს ბეჟან გურგენიძე.

კომპანია „კაფსულოს“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყავის გატანა ექსპორტზეც იგეგმება, თუმცა საწარმოს ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ.

„ექსპორტზე გავალთ, მაგრამ ჯერ ადგილობრივი ბაზარს ავითვისებთ. ალბათ, უფრო ერთი წლის შემდეგ გავალთ სხვა ქვეყნებშიც. გვინდა, რომ ექსპორტზე წარმოების 50% გავიტანოთ“,- აცხადებს ბეჟან გურგენიძე.

ნინი ქეთელაური