ტყეს სჭირდება დაცვა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, ამ სტრატეგიის ფარგლებშია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს გადაუმუშავებელი ხის მასალის იმპორტს და ამით ექსპორტი შეამციროს.
„იმპორტის ხელშეწყობა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ეკონომიკური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტყეს სჭირდება დაცვა. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ საერთოდ არაფერს გამორიცხავს, თუმცა გამოძიების შესახებ მეტ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაავრცელებს.
„სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.