საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხისშემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი და აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმების წესი განსაზღვრა.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ზემოაღნიშნულ სამსახურებში შრომის ინსპექტირებისთვის სასამართლოს დადგენილება საჭირო აღარ იქნება.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უკლებლივ ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდეს ეს წესები და პირობები, თუმცა ჩვენ წინმსწრებად გადავწყვიტეთ, თავდაპირველად გაგვევრცელებინა ისინი მომატებული საფრთხის ინდუსტრიებზე. ეს არის 50 ინდუსტრია, რომელთაც ჩაშლის შემთხვევაში, თითოეულს 5-7 ქვეპუნქტი აქვს. რაც შეეხება ინსპექტირების წესებს, ადრე თუ სასამართლოს დადგენილება სჭირდებოდა, ახლა მოეხსნა და რისკჯგუფები შრომის ინსპექტორების მიერ გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებაზე გაიწერა“, - განაცხადა სერგეენკომ.