საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის გამოქვეყნება, კი ბატონო, დადებითი მოვლენაა, მაგრამ მთავარია გათვალისწინება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სავალუტო ფონდის კვლევის დამალვის შესახებ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მაჭავარიანმა განმარტა, რა შემთხვევაში არ ხდება კვლევის გასაჯაროება.
„ეს არის 2016 წლის კვლევა, მიმოხილვა შეგვიძლია დავარქვათ, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ზოგადად გეტყვით, რის მიხედვით ქვეყნდება ან არ ქვეყნდება. ეს არის მთავრობის და სავალუტო ფონდის ერთობლივი ნამუშევარი. როდესაც სრულდება მუშაობა, მიდის დისკუსიები და თუ ვერ თანხმდებიან - შეიძლება მთავრობა არ ეთანხმებოდეს, ან სავალუტო ფონდი - კვლევა არ გამოქვეყნდეს. კვლევაში ასახული ბევრი ნეგატიური მოვლენა სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე. მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, სწორი იყო თუ არა, რომ არ გამოქვეყნდა. მე გეუბნებით მიზეზს - როცა ვერ თანხმდებიან [მთავრობა და სავალუტო ფონდი], არ ქვეყნდება. ჩემი აზრით, მთავარი არის გათვალისწინება, რა წერია. გამოქვეყნებაც, კი ბატონო, დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ ითვალისწინებს მთავრობა, ეს უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, 2016 წლის მიმოხილვაში პრობლემურ საკითებს შორის დასახელებული იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაკროეკონომიკურ სტაბილურობა, საგარეო ვალი, ასევე, ფიზიკურ პირების მაღალი დაკრედიტება. მისი თქმით, ეს ტენდენცია და მზარდი ტემპი ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო აღიარებული.
ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, გაეცნონ 2018 წლის 27 ივნისის მიმოხილვას, რომელიც, მისი შეფასებით, „ბოლო წლებში და შეიძლება საქართველოს ისტორიაშიც ყველაზე საუკეთესო დასკვნაა“.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტა, საუბარი შეეხებოდა IMF-ის 2016 წლის კვლევას.