საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის - 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს მონაცემები საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
„2014 წლიდან დღემდე რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული“, - აღნიშნავენ უწყებაში.
30%-იანი შრომითი ანაზღაურების მატების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს.
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე და ამაში სასწრაფოს პერსონალის როლზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახელობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.